,,ღორი”: ინტერვიუ ფილმის რეჟისორ გიგა ლიკლიკაძესთან

,,ღორი” – ინტერვიუ რეჟისორ გიგა ლიკლიკაძესთან

გაფრთხილება: ინტერვიუ შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს.

ქართული ფილმის, ,,ღორის“ პრემიერა გერმანიაში, კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ქართველი მაყურებელი მისი ნახვას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შეძლებს. ფილმის რეჟისორი გიგა ლიკლიკაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. 

 

pig

მოდი, ფილმის სახელით დავიწყოთ. თავიდანვე მოფიქრებული გქონდათ სახელი თუ ჯერ სცენარი დაიწერა და შემდეგ დაერქვა?

  • სამუშაო სახელი თავიდანვე ღორი იყო. ბათუმის კინოფესტივალს აქვს ინდუსტრიული პლატფორმა ფილმების განვითარებისთვის: ,,საერთაშორისო ტალღა“, სადაც მეც ვმონაწილეობდი. სხვადასხვა პროექტებიდან რომ გამოერჩიათ, სულ ასე ახსენებდნენ ხოლმე ჩემს ფილმს: ღორი, ღორი. მერეც რომ ჩამოვედი, ყველა მეკითხებოდა ხოლმე: აბა, ღორი რას შვება? ასე რომ ვთქვათ, თავად დაირქვა.

რატომ გადაწყვიტეთ პრემიერა მაინც და მაინც კოტბუსის ფილმების ფესტივალზე?

  • ფესტივალებთან თანამშრომლობა და მთელი ეს პროცესი აპლიკაციების შევსებიდან დაწყებული არის გამოცდილი პროდიუსერის საქმე, რომელიც მე საერთოდ არ მყავს. მე თვითონ დიდად არ გამომდიოდა. გავაგზავნე რამდენიმე ფესტივალზე, აი, მაგალითად, ბერლინალეზეც და ბოლო დღეს გავიგე, რომ არ აიღეს, მაშინ როცა, ყველა მეუბნებოდა, ნამდვილად ჩასვამენ პროგრამაშიო. მერე უცებ გამოჩნდა კოტბუსი. სხვათა შორის, მირჩევდნენ: შეინახე ფილმი, ა კლასის ფესტივალებს მიაწექი, მაგრამ ჩემი აზრით, არ იქნებოდა სწორი. ვთვლი, რომ უსამართლობაა. ვინც იპოვის, გამოარჩევს, რამე კარგს დაინახავს შენს ფილმში სულ პირველად, მათ უნდა მისცე შანსი. რატომ უნდა დამეწყო, რომ იცით, მე თქვენი ფესტივალის მასშტაბები მეპატარავება და ა.შ? როგორც მოხდა, ასე სამართლიანია. დამწყები რეჟისორი ვარ, მცირებიუჯეტიანი ფილმი გადავიღე. იქამდე რაღაცებზე მიმუშავია, აი, თუნდაც სწავლისას, მაგრამ უფრო ხელის გასაწაფად და დასახვეწად. ალბათ, პომპეზურ ფესტივალზე მეტად, ეს გარემო უფროც უხდება.

ფინანსების პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, რაც შეგხვდათ ფილმის გადაღებისას. აი, მაგალითად, ფილმის პერსონაჟების რაოდენობაზე ხომ არ იმოქმედა ამ ფაქტმა?

  • კინოცენტრმა გამოაცხადა მცირებიუჯეტიანი ფილმების კონკურსი. ისე დაემთხვა, რომ ამბავი უკვე მქონდა. არც მიცდია, დამატებით პარტნიორების პოვნა. ეს დროს წაიღებდა და მუხტი დაიკარგებოდა. ჩემი აზრით, ვიმყოფინეთ. რეალურად, ერთი ადამიანის ჰონორარი არის ხოლმე ევროპაში, რაც ამ ფილმის ბიუჯეტია. თუმცა, არ ვთვლი, რომ რამეში მცირე ბიუჯეტის გამო ხელი შეგვეშალა. კარგი დამთხვევა იყო ეს მცირე ბიუჯეტი, რადგან არამცირედითაც ასე უნდა გადაგვეღო. არანაირ კომპრომისზე არ წავსულვარ და მთავარი ამბავი ამით არ დაზარალებულა.

რამდენი ადამიანი მუშაობდით ფილმზე?

  • სცენარი ფილმისთვის თავად მე დავწერე ანუ სკრიპტის ავტორიც თავად ვარ. გადაღების დროს მაქსიმუმ თხუთმეტი კაცი ვიყავით, რაც ძალიან ცოტაა. რეალურად, ერთ ადამიანს ბევრი რამ ჰქონდა შეთავსებული. მაგალითად, როგორც მე.

,,ალტერნატიულმა ტალღამ“ რა როლი ითამაშა ფილმის დახვეწაში?

  • დაახლოებით ორნახევარი წელი ვწერდი ამ სცენარს. რამდენჯერმე ვთხოვე სცენარისტებს დახმარება, თუმცა, როცა არ გაქვს ფული, არ ინტერესდება ხალხი. ან თუ გთანხმდება, არ მუშაობს სისტემატიურად. მეც გამეწელა ძალიან მარტო რომ ვწერდი. რეალურად, ,,ალტერნატიული ტალღის’’ დროს იყო პირველად, რომ უცხო თვალმა და უცხოელებმა ნახეს პროექტი. სხვათა შორის, ძალიან დადებითი შეფასებები მქონდა და გამეხარდა. რა თქმა უნდა,

ბაკურიანის ფორუმზე იყო ხომ დახურული ჩვენება კოტბუსამდე? როგორი შეფასებები მიიღე ქართველი აუდიტორიისგან? ფილმში ბევრი გინება რომაა, მაგან ხომ არ გააღიზიანა მაყურებლები? სუბტიტრებში ნაკლებად გადავიდა და უცხოელებისთვის ნაკლებად მძაფრი იქნებოდა, ვიდრე ბაკურიანში

  • ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მიიღეს ან გული მწყდება. საკმაოდ მოეწონათ. ჩემთვის ვის სიტყვასაც და აზრსაც აქვს მნიშვნელობა, ვიზეც ვთვლი, რომ ერკვევა კინემატოგრაფიაში, მათ მოეწონათ. ბაკურიანში, მაგალითად, სტუდენტებიც იყვნენ. მათგან იყო უარყოფითი წამოძახილები, ისეთი, რომ მივხვდი, ცოტა რაღაცები ვერ გაიგეს, თუმცა, ჯერ ხომ სტუდენტები არიან და უნდა ისწავლონ, არც მაგაზე გავბრაზებულვარ. გინებას რაც შეეხება, კი, ბევრს აღიზიანებს ხოლმე. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, სულ მეუბნებოდა, არ მომწონს, ბევრი გინებაა, ზედმეტია. ერთი ადამიანია, ვინც არასდროს იგინება და ვერ იტანს ბილწსიტყვაობას, ძალიან აკადემიური, რუსუდან  გლურჯიძე, მაგან მითხრა: 15 წუთის მერე, უკვე ძალიან მივეჩვიეო და ყურს მანტრასავით ჩაესმოდაო. ვიცი, რომ იქნება ისეთი ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი, ვისაც არ აქვს კონტაქტი ფილმის გმირებისნაირ ტიპებთან.

ჰო, აი, ეგ მინდოდა აღმენიშნა, რომ ძალიან ბუნებრივია ფილმის პერსონაჟებისთვის, როგორც საუბრობენ. რომ გავავლე პარალელები ჩემს ნაცნობებთან, ზუსტად ეგრე საუბრობენ, ვინც მომაგონა ისინიც. ისიც კი მგონია, სკრიპტში ამდენი გინება არ ეწერა და მერე მსახიობები როლში შევიდნენ

  • სკრიპტში მაგ დოზით გინება ეწერა, თუმცა სხვანაირი სიტყვებით და ხასიათით. მერე უკვე მსახიობებმა თავის ენაზე მოირგეს. ერთი სცენა მქონდა: უნდა გაერეპათ გინებით. ძალიან სასაცილო გინებები ვიპოვე ქართულ ენაში. თუმცა, არ გამოვიდა რეალობაში. ანუ სცენარშიც არ იყო ნაკლები დოზით ბილწისტყვაობა.

საიდან მოვიდა ფილმის ინსპირაცია? არის კინემატოგრაფიაში ხომ შემთხვევები, როცა დანაშაული იგეგმება და რომ არ გამოდის, მერე ამაზე იგება კომედია და ამბავი ხდება სასაცილო და რამე ფილმისგან ხომ არ წამოსულა იდეა?

  •  ფილმი არა, ეს რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ასეთი ამბავი მართლა მოხდა 2013 წელს და მე ვნახე, როგორც ნიუსი. თუმცა, არ მინდოდა ამბავზე მივწებებულიყავი ანუ წავსულიყავი, ოჯახი გამომეკითხა, ეს ბიჭი მენახა. მე ამბავი რომ წავიკითხე, უკვე მივიღე ის ბირთვი და მუხტი, რაც საჭირო იყო სცენარის დასაწერად. ფანტაზიას შევიზღუდავდი რეალობით, ასე მგონია. წარმოდგენა არ მაქვს, რეალურად ის ბიჭი ვინაა, როგორ გამოიყურება, არც სიუჟეტში უჩვენებიათ. შეიძლება სულ სხვანაირია: როგორია, სად მიდის და როგორ მიდის, მთლიანად მე მოვიგონე.

როგორ შეარჩიე მსახიობები და ადგილი?

  •  კასტინგის მენეჯერთან ერთად დავგემეთ ტურივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მივდიოდით თეატრებში, იქაურ მსახიობებს ვნახულობდით, არამსახიობებსაც. პარალელურად, სოფლებში ვეძებდი სახლებსაც. სახლი ძალიან მომწონს. ჩემთვის ეგ ცალკე პერსონაჟია ფილმის და ძალიან მნიშვნელოვანი თან. ფული რომ მქონოდა, აი, მხატვარი, ან დამიხატავდა მასეთ სახლს, ან ვერა. მე კიდევ პირდაპირ გამზადებული სახლი ვიპოვე თავისი დეკორაციებით. ძალიან უცნაური სახლია.

ფილმში ბიჭის ოჯახი ვერ ახერხებს ერთ დღეში იშოვოს სამასი ლარი, რომ შვილი ტყვეობიდან დაიხსნან. ეს ფაქტი გვანახებს ხომ ქვეყნის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას? რამდენად გინდოდა სოციალური დრამის ჩვენება?

  •  ეგ ამბავი ძალიან მეორეხარისხოვანია. აი, ქვეყანა ღარიბია და მაგიტომ ხდება ეს, მასე არ მქონდა ჩაფიქრებული, პირიქით, მაქსიმალურად მინდოდა გაქცევა, თორემ სხვა აქცენტებს გავაკეთებდი. ეს უფრო ზღაპარივითაა, მითივითაა. ადამიანი რომელ ქვეყანაშია, ამას სულ არ აქვს მნიშვნელობა. ყველგან შეიძლებოდა მომხდარიყო.

ბიჭის სიზმარზე რომ გვითხრა: როდესაც ტყვეობაში მყოფს ღორი ესიზმრება

  •  ამ გატაცებამ ბიჭი პირველად დააფიქრა ცხოვრებაში რაღაცებზე და მერე უცებ ღორიც ახსენდება: როგორ ეთამაშებოდა ხოლმე ბავშვობაში, უფრო სწორი იქნება, როგორ აწვალებდა. ერთგვარი ღორის კომპლექსივით აიკიდა. თითქოს, ეს ღორი ახლა სამაგიეროს უხდის.

პირველ სცენაზე მინდა გკითხო: ბიჭი ექიმთანაა ვიზიტზე და ის უწერს, რომ არ არის ჯარისთვის შესაბამისი. აქ ის ხდება, რომ მას როგორც ყველას სავალდებულო სამსახურისგან თავის დაღწევა უნდა?

  • არა, პირიქით. ამ ბიჭს უნდა ჯარში წასვლა. სახლიდან გამოუშვეს: წადი, არ მუშაობ, არ სწავლობ, არაფერს აკეთებ. მაგრამ აქაც ვერ იპოვა თავისი ადგილი: ჯარისთვისაც კი შეუსაბამო აღმოჩნდა. ისე ძალით არ ,,იბრაკავს“ თავს. ახლა კიდევ იძულებულია, რომ უკან სახლში დაბრუნდეს, სადაც სიმართლე რომ ვთქვათ, არ ელიან სიხარულით.

მემგონი, ძალით ჩამორჩა ხომ იმ სამარშრუტოს ანუ რეალურად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვერ მივიდეს სახლამდე?

  • ჰო, არ უნდა სახლში დაბრუნება. წარმოიდგინეთ, უნდა მივიდეს და თქვას: ჯარშიც არ წამიყვანეს. თან, აი, რაღაც ინტუიცია, ბედი თუ წინათგრძნობა კარნახობს, რომ ამჯერად გზიდან უნდა გადაუხვიოს და აღარ წავიდეს სწორად. შეიძლება, ეს სრულიადაც გაუცნობიერებლადაც ხდება. მანდ მიდის ბუნებაში მარტო: მოშივდება, უნდა ჭამოს მაყვალი, ეძინება- უნდა დაწვეს მინდორზე. ჩემთვის ეგ მომენტია, ადამიანს რომ ჩამოვაკლოთ წელთაღრიცხვა, დრო, ეროვნებაც მათ შორის. ადამიანი დედამიწაზე- ესეთი კინოა ჩემთვის.

ჩვენების შემდეგ, ფესტივალზეც გკითხეს ამის შესახებ: მხოლოდ სიტყვიერი მუქარით რომ იფარგლებიან და არასდროს ძალადობენ ბიჭზე გამტაცებლები, ეს რატომ ხდება?

  • არ არიან ეს პერონაჟები რეალურად სადისტები. უბრალოდ, თამაშობენ ამ გამტაცებლობანას, აი, როგორც სახლობანას. რეალურად, შეიძლება, სადმე ჯართი აიღონ და მოიპარონ: მაგაზე შორს არ წავა მათი კრიმინალი. არ არიან ბოროტები ეს ადამიანები.

რატომ არიან ეს ორი მთავარი გმირი შეუმდგარი ადამიანები: უკვე ზრდასრულებს არ აქვთ შემოსავალი, პროფესია, უსაქმურები არიან ხო რეალურად?

  • ეგეთები კი არა, ვინც ისწავლა, საქართველოში ისინიც კი შეუმდგარი ადამიანები არიან საქართველოში. არ არის გასაკვირი ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს.

ქალი პერსონაჟი რა გათვლებით და მიზნებით დაამატე ფილმს?

  • მაგარი გამოცდილებაა კაცისთვის პირველი სიგარეტის გასინჯვა, პირველი ქალთან შეხება ხომ ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი რამეა. ჰოდა, ეს ყველაფერი აი ამ გამტაცებლებთან გააკეთა ამ ბიჭმა. იდეაში, ანგელოზებივით არიან ამ ბიჭისთვის ეს გამტაცებლები: აზრზე მოიყვანოს, ახალი რაღაცები ანახეს, დააფიქრეს, ოჯახიდან წამოიყვანეს. მოკლედ, ძალიან კარგი რამე გაუკეთეს.

არ შეგეშინდათ, რომ ევროპელები ვერ გაიგებდნენ, რატომ ეშინიათ ზრდასრულ ადამიანებს, ვინც ბავშვი მოიტაცეს, ბებიის და ამის გამო, მძევალს რომ უშვებენ?

  • აი, ისევ ,,ალტერნატიული ტალღა“ უნდა ვახსენო. იქ როგორ იგებდნენ ფილმს, ეს იყო ლაკმუსის ქაღალდივით და ტესტი ჩემთვის, რადგანაც გერმანელი რეჟისორი იყო ჩართული, ასევე, ბერძენი დრამატურგი. არ ჰქონიათ ეს პრობლემა: ერთი კვირის მანძილზე, ძალიან კარგად შეისწავლეს სცენარი. იმის გამო, რომ ვინმე ვერ გაიგებდა, ვერ წავიდოდი კომპრომისზე. სიმართლე გითხრათ, არც კინოფესტივალები იყო თვითმიზანი: უბრალოდ, გვინდოდა, ასეთი ფილმის გადაღება და გავაკეთეთ.

ტელეფონის დატოვება რას ნიშნავს ფილმის ბოლოს?

  • რა გამოცდილებაც მიიღო, უბიძგებს, რომ თავისი ცხოვრება უნდა დაიწყოს და მოწყდეს საკუთარ ოჯახს. აი, საქართველოში არასწორი გაგება რომაა შვილზე ზედმეტი ზრუნვის და ამ დროს პიროვნებებს ვკლავთ. რეალურად, ტელეფონი არის ადგილი, სადაც გვიწერია ყველა ოჯახის წევრის, ახლობლის ნომერი. მისი დატოვებით, იცილებს მთლიანად ამ წარსულს თავიდან. ვითომ ხომ გაიზარდა და გადადგა დიდი ნაბიჯი და ყველას გამარჯვებული გვგონია, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთჯერადია. ახლა, როცა ქარხანაში დაიწყო მუშაობა, დიდ ორგანიზაციაში, ნამდვილ ჯოჯოხეთი, ნამდვილი გატაცება ესაა და არა სადაც იყო.

ცოტა სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრა

  • ძალიან მინდა, რომ საქართველოში ბევრმა ადამიანმა ნახოს. მხოლოდ კინოფესტივალს არ ვგულისხმობ. აი, მინდა, შეღავათიანი ფასით იყოს ბილეთი და რეგიონებშიც ნახონ: მაგალითად, ვინმე ხაშურელს შეეძლოს წასვლა. რა თქმა უნდა, კინოფესტივალებიც და საერთაშორისო ჩვენებებიც არის გეგმაში.
  • 1_iLrDcgqLtFONujahNdO7sw

გერმანული დღიურები: კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი

ბათუმის კინოფესტივალი უნიკალურ შანსს აძლევს ბლოგერებს კონკურსის საშუალებით. რა თქმა უნდა, ყურადღება მიიქცია პრიზებმა, როდესაც ვავსებდი ფორმას, თუმცა, რეალურად, ვერ წარმომედგინა, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიქნებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბათუმის კინოფესტივალმა დამიფინანსა კოტბუსის კინოფესტივალზე დასწრება და რაც ყველაზე მთავარია, ეს უბრალოდ ფილმების ნახვას კი არ ნიშნავდა, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ვორქშოფში მივიღებდი მონაწილეობას. შესაბამისად, ერთი სული მქონდა, დამდგარიყო გაფრენის დღე.

კოტბუსის ფილმების ფესტივალი პირველად 1991 წელს ჩატარდა, ბერლინის კედლის დანგრევის და გერმანიის გაერთიანების შემდეგ. ის ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპის ფილმებზე. ქალაქი 120 კილომეტრითაა დაშორებული ბერლინიდან და ძალიან ახლოსაა პოლონეთის საზღვართან. აქ შეამჩნევთ, რომ გერმანულის გარდა, მოსახლეობა სლავურ ენაზე საუბრობს და წარწერებიც შეგხვდებათ ორივე ენაზე. როდესაც ქალაქის ტური მოგვიწყვეს, ისიც შევიტყვე, რატომ ჰგავს ბრანდერბურგში ყველაზე დიდი სინაგოგა ქრისტიანულ ტაძარს: შენობა ეკუთვნოდა ევანგელისტურ საზოგადოებას და წლების მანძილზე გამოიყენებდნენ სოციალური საქმიანობისა და პროექტებისთვის. ევანგელისტურმა ეკლესიამ ქალაქთან ერთად გადაწყვიტა, რომ ტაძრის სინაგოგად გადაკეთება იყო ძალიან კარგი გზა იმისათვის, რომ ადგილი კვლავ გამხადრიყო ღმერთის დიდების ადგილი. ამ ისტორიის მოყოლისას ვფიქრობდი, ჯერ კიდევ რა შორს ვართ საქართველოში ასეთი აზროვნებისგან.

Synagoge

გერმანიაში ,,ბიაფის“ ორგანიზატორებთან ერთად 6 ნოემბერს ჩავედი. ვორქშოფის მონაწილეებს წინასწარ გამოგვიგზავნეს სია, რა ფილმებს უნდა დავსწრებოდით. ამასთან, პროგრამა მოიცავდა ყოველ დილით შეხვედრებს და წინა დღეს ნანახი ფილმების განხილვას. აღმოჩნდა, რომ ჩემს გარდა, კიდევ ორი მონაწილე იყო საქართველოდან. ამასთან, ახალგაზრდა კრიტიკოსები ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და ჩვენი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი მარტა ბალაგა, რომელიც ძალიან გამოცდილია: თანამშრომლებს რამდენიმე ფესტივალთან, წერს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებისათვის.

პირველი ფილმი რაც ვნახეთ, იყო „დიანა ბ-ის დღიური – The Diary of Diana B.“, გადაღებული ავსტრიელ-ხორვატიელი რეჟისორის მიერ. თავად ამბავი საკმაოდ ემოციურია: მოგვითხრობს ისტორიას ავსტრიელი ქალის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძვის, რათა გადაარჩინოს მართმადიდებელი ბავშვები და დედები ფაშისტური რეჟიმისგან. ფილმის რეჟისორისთვის ეს პირველი მხატვრული ფილმია: იქამდე დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა. ეს ეტყობა კიდევაც მის ფილმს. ნაზავია ერთგვარი დოკუმენტური კადრების, მხატვრული ფილმის და ასევე, აქვს ჩანართები, როცა გადარჩენილი ადამიანები ბანაკებიდან, თავად გვიყვებიან ისტორიებს. თავად ფილმი მე მაინც და მაინც არ მომეწონა. თუმცა, წიგნზე არის დაფუძნებული და გადავწყვიტე, რომ როცა დრო მექნება, მას გავეცნო, რადგან ისტორია, საკმაოდ საინტერესოა.

დღე დაბოლოვდა რუსი რეჟისორის, პაველ ლუნგინის ფილმით ავღანეთის ომზე: “Leaving Afghanistan”. ალბათ იმიტომ, რომ კანის ფესტივალის ლაურეატია (1990 წელს გახდა საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის ,,ტაქსი ბლუზი“), დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ჩვენებაზე. სამწუხაროდ, წინ მხოლოდ იმედგაცრუება მელოდა: იშვიათად მინახავს ასეთი კლიშეებით სავსე ფილმი, გადატვირთული სროლის ხმებით იმდენად, რომ კინაღამ სმენა დავიზიანე. ამ ყველაფერს აიტანდი ადამიანი, რომ არა კიდევ ერთი უბედურება: რეჟისორი რომ ფილმის ბოლოს გმირის მონოლოგით გეუბნება, რა მოხდა ფილმში და გიყვება მოკლე შინაარს თავისი ახსნა-განმარტებებით. ასეთი უნდობლობა მაყურებლის მიმართ მართლაც იშვიათია. ამ დროს ძალიან ვინანე, რომ მთელი დღის ნამგზავრი არ წავედი სახლში დასაძინებლად.

მეორე დღე დაიწყო ხორვატიელი რეჟისორის ფილმით ‘’The Voice”. იმის გამო, რომ დედას უწევს წასვლა რამდენიმე თვე სამუშაოდ გემზე, თავის ჩვიდმეტი წლის შვილს, გორანს, მიიყვანს კათოლიკურ სასწავლებელში. ცუდი ფილმი არ არის, უბრალოდ, მისი დასაწყისისთანავე იცი, რაზე იქნება. როგორც ჩანს, ბოლო დროს ძალიან ტრენდულია, აჩვენონ, რომ ნებისმიერ რელიგიასა და საზოგადოებაში შეიძლება იყოს რადიკალიზმი და არა მხოლოდ ისლამში. მე, პირადად, იმაზე დამწყდა გული, რომ რეჟისორმა არ მოგვცა საშუალება, დაგვენახა, რატომ არის მთავარი გმირი ის, ვინც არის ანუ რაიმე ინფორმაცია წარსულიდან. ამასთან, ვერ ვხედავთ მის განვითარებასაც: ფილმის ბოლოს გმირიც და საზოგადოებაც მის ირგვლივ იგივეა. ჰოდა, ისე გამოდის, რომ როდესაც უცქერ, არ გტოვებს აზრი: უკვე მინახავს ეს კინოო.

ფესტივალზე სულ რამდენიმე ფილმის მსოფლიო პრემიერა იყო და ერთ-ერთი მათ შორის ქართველი რეჟისორის, გიგა ლიკლიკაძის ფილმი ,,ღორი“. ჩემი აზრით, ფესტივალის საუკეთესო ფილმი. საოცარია, რომ ფილმმა ვერ აიღო ვერც ერთი პრიზი. ამაზე მართლა ძალიან დამწყდა გული. როდესაც ვსაუბრობთ დაბალბიუჯეტურ ფილმებზე, აქაც კი დიდი განსხვავებაა ევროპასა და საქართველოს შორის. ძალიან ცოტა რესურსით გიგამ მოგვიყვა ამბავი ბიჭზე, რომლის მოსაწყენი ცხოვრება თავგადასავალი მაშინ ხდება, როდესაც ორი ლუზერი ,,მოიტაცებს”. ბოროტმოქმედები, ვისაც არ აქვთ სიგარეტის ფული, არასდროს უსწორდებიან ფიზიკურად ბიჭს და მხოლოდ ყვირილით თუ გინებით იფარგლებიან და ბიჭი, რომელიც სულ არ ჰგავს ტყვეს, რადგან უამრავი ახალი რამე გამოსცდა და მოსწონს ამ ტიპებთან ყოფნა ტყვეობაში. ყველა ჩვენგანში დევს რაღაც კოდი, რომელიც რაღაც გამღიზიანებლით ფხიზლდება. ასე ემართება ამ ბიჭსაც. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს: შეიძლება, როცა გვგონია, თავი დავიხსენით, ზუსტად მაშინ აღმოვჩნდეთ კალიფსოს ტყვეობაში.

1_iLrDcgqLtFONujahNdO7sw.png

მონაწილეებს საშუალება გვქონდა, ჩაგვეწერა ინტერვიუები ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების რეჟისორთან. ძალიან მიხარია, რომ ინტერვიუ გიგასთან ინტერვიუ ჩავწერე და მას ცალკე პოსტად შემოგთავაზებთ, ფილმით დაინტერესებულებს კი იმას გეტყვით, რომ შეგიძლიათ, ქართული პრემიერის ნახვა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

ნამდვილად სიხალისე შემოიტანა ჩეხურმა ფილმმა ,,National Street”. ეს არის ისტორია კაცზე, რომელსაც უყვარს საკითხების მუშტი-კრივით მოგვარება, ომები და ისტორია, ყოველ საღამოს ბარში ლუდის დალევა მეგობრებთან ერთად და ბარის მეპატრონე ქალი ლუსი. თავიდანვე ცხადია, რომ ახალ სამყაროში აღარ მოქმედებს ის წესები, რაც ვანდამს აქვს და ის ამას ვერ ეგუება. სამყარო სულ სხვანაირ ღირებულებებზე დგას, ვიდრე მისი ბავშვობისას და ესეც არ აქვს გაანალიზებული. ძირითადი პრობლემა, რაც ამ ფილმთან მაქვს, ისაა, რომ ხულიგანი, გაბრაზებული მოქალაქე ისე ჩანს, თითქოს გმირია.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თურქი რეჟისორის ფილმი ,,SAF”. ფილმში სიუჟეტი ვითარდება კამილის და მისი ცოლის-რამზიეს გარშემო. კამილი იძულებულია, რომ იმუშაოს მშენებლობებზე დაბალ ხელფასზე, რათა კონკურენცია გაუწიოს სირიელებს. ფილმს სულ გასდევს ეს სიძულვილი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გაჩენიათ: თურქებს არალეგალურად ჩამოსული სირიელების, კამილის მეზობლებს კამილის, რამზიეს რუმინელი ძიძის, ვისთან ერთადაც მუშაობს. თავიდან ამბავს ვხედავთ მამაკაცის თვალთახედვიდან, ის არის პროტაგონისტი, თუმცა სადღაც შუაში უკვე ქალი გვევლინება, როგორც მთავარი გმირი. ყველაზე მეტად იმაზე გვაფიქრებს ფილმი: რამდენად სწორი დასკვნები გამოგვაქვს, როცა რაღაც ფაქტებს ვხედავთ და ვაფასებთ? აკეთებენ კი რამეს ადამიანები უანგაროდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილები არიან? არსებობენ სულ ბოროტი ან სულ კეთილი ადამიანები? ამ ფილმით ცხადად ვხედავთ, როგორ ცვლის ადამიანის პიროვნებას ეკონომიკური თუ სხვა სახის სიძნელეები თუ აჩენს მის ბნელ მხარეს.

სად შეიძლება ერთად შეიყაროს სხვადასხვა წარმოშობის და ისტორიის ადამიანი, თუ არა პოლიციის განყოფილებაში: სწორედ ეს ადგილია მთავარი პლატფორმა ნერმინ ჰამზაჯის ფილმისთვის. არასრულწლოვანი სექსუალურ მუშაკად მუშაობს, ბუშტების გამყიდველი უარს ამბობს, გადაუხადოს არალეგალური ბაჟი პოლიციელებს, ვიღაცასთან გადაუხდელობის გამო დენი ჩაუჭრეს, დაპატიმრებულ ძაღლს თან პატრონი წამოჰყოლია, ხულიგანი ახალგაზრდები ელოდებიან, როდის გადაიხდიან მათი მშობლები ჯარიმას, ახალგაზრდა კაცს ბანკი გაუძარცვავს, რომ გადაარჩინოს შვილი. ეს ამდენი ადამიანი და ამოუცნობი პატარა ბავშვი ბუშტით პოლიციელების თანამშრომლებთან ერთად -სულ არაა გასაკვირი, რომ უამრავი რამ ხდება, სანამ მთავარი გმირი იძულებულია იმორიგეოს და ვერ იყოს ცოლის გვერდით, როცა მათი შვილი იბადება. ფილმში არის გარკვეულწილად ბანალური გადაწყვეტებიც, მაგრამ დიდ სხივს მატებს მთავარი მოქმედი გმირი: ძალიან მომეწონა მთავარი გმირის შესრულება და გამეხარდა, რომ სწორედ მან მიიღო ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

იაკუტელი რეჟისორის, ლიუბოვ ბორისოვას ფილმზე ძალიან ბევრი ვიცინე, ასევე იყო მთელი დარბაზიც. საფესტივალო ფილმის რა გითხრათ და ეს არის კეთილი კომედია მთელი ოჯახისთვის: საოცარია, რომ ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირი, მოხუცი ბაიბალი სიკვდილს ელოდება დღე-დღეზე, ჩვენც ველოდებით მასთან ერთად და მაინც, სულ გვეცინება ყველაფერზე. ალბათ, ამასაც უნდა გარკვეული ნიჭი, რომ ასეთ თემაზე შეძლო აცინო მაყურებელი. ვთვლი, რომ ფილმი ფესტივალზე ზედმეტად overrated აღმოჩნდა: ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო. მაყურებელთა სიმპათია გასაგებია, თუმცა კრიტიკოსები რამ მოხიბლა, ეს გამოცანად დამრჩა.

თავისუფლება – ყოველ დღე ვიყენებთ ამ სიტყვას სხვადასხვა კონტექსტში და შეიძლება არასდროს იმ დანიშნულებით, როგორც ეს ამერიკულ ფილმშია ,,Give me Liberty”. ეს არის ფილმი ახალგაზრდა ბიჭზე (ვიკი), მძღოლად მუშაობს ორგანიზაციაში, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის პირებს სპეციალური მანქანით. მისი ოჯახი რუსეთიდაა წარმოშობით და მეზობლებიც რუსი ემიგრანტები არიან. თანამედროვე სამყაროში ცხოვრება ისე დაჩქარებულია, რომ რა აღარ შეიძლება მოხდეს სულ ერთ დღეში: მეზობლის დაკრძალვა, სამსახურში გეგმების არევა, რადგან ბაბუა და მეზობლები უნდა წაიყვანო დასაფლავებაზე, ტალანტ შოუ, პოლიტიკური პროტესტი, ხანძარი და, რაც მთავარია, გოგონას შეყვარება. ფილმი გვაფიქრებს, გვაქვს კი ამოსუნთქვის, დაფიქრების, სიყვარულის დრო ამ სამყაროში? ბიჭი, რომელსაც ძალიან კეთილშობილური სამსახური აქვს და ვერსად გრძნობ, რომ ცუდად არის განწყობილი თავისი მგზავრების მიმართ, უფრო პირიქით, ყოველ წუთას მეტად ისტრესება გამუდმებული საყვედურებით სამსახურიდან, რომ იგვიანებს დანიშნულების ადგილას, ზარით სამეზობლოდან, რომ ბაბუამ ხანძარი გააჩინა, სახლში მისულს ახალი პრობლემა ხვდება და ყველა მან უნდა წაიყვანოს დასაფლავებაზე, რადგან არ გამოჩნდა დაქირავებული მანქანა და ბოლოს ტრეისის პროტესტით (ერთ-ერთი მომხმარებელი, ვინც ეხმარება ალს სინდრომით დაავადებულ ადამიანებს და თავად სავარძლით გადაადგილდება), რომ მთავარ მარშრუტს უნდა გადაუხვიონ დასაფლავების გამო. საბოლოო ჯამში ვხვდებით, რომ ვიკი რეალურად მძღოლი კი არ არის, არამედ თავადაც ერთ-ერთი მგზავრია ამ ქაოსურ ყოფაში და კი არ ირჩევს მიმართულებას, როგორც საჭესთან მყოფი ადამიანი იქცევა, დამოკიდებულია ცხოვრების მატარებელზე.

მთელი ფესტივალი ველოდი პოლონური ფილმს, Corpus Christi, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. კოტბუსში ფილმი კონკურსში არ მონაწილეობდა, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ იყო შესაძლებელი არასაკონკურსო ნაწილში მისი ნახვა. რელიგიურ თემას რომ შეეხება პოლონური ფილმი ეს უკვე აღარ არის სიახლე და ერთი შეხედვით, არაფერია გასაოცარი, თუმცა, ფილმი ნამდვილად შთამბეჭდავია. ეს არის ისტორია დანიელზე, რომელსაც უნდა გახდეს მღვდელი, თუმცა, რადგანაც არ აქვს ,,სუფთა“ წარსული, უნდა წავიდეს ქარხანაში სამუშაოდ. სამუშაო ადგილის მეზობლად მდებარე სოფლის გავლისას, ბიჭის ერთი შეხედვით, უწყინარი ტყუილისგან, სრულიად ახალი ერა იწყება: იგი განაცხადებს, რომ მღვდელია. მამა ტომასი- ასე უწოდებს საკუთარ თავს. იმის გამო, რომ წინა მღვდელი მიდის, მამა ტომასს სთხოვენ მის შემცვლელად დარჩენას და ასე ხდება ისიც სოფლის ცხოვრების ნაწილი და არა უბრალო, არამედ მთავარი, რადგან აქ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს. ჩვენ ვხედავთ ფარისევლებს: ადამიანებს, ვინც ამტკიცებენ, რომ არიან მორწმუნეები და არ აქვთ მიტევების უნარი, ეკლესიას და პოლიტიკოსებს – რომ შეკრულან და რელიგიას იყენებენ ხალხის დასამორჩილებლად, გოგონას, რომელიც ეწევა სიგარეტს და არა მხოლოდ, ეკამათება დედას, ეფლირტავება მღვდელს და ყველაზე დიდი ქრისტიანია გულში, მეორე მხარეს კი თავად ,,მამა“ ტომასი, რომლის წირვებიც არ არის ტრადიციული და მოსაწყენი. შეუძლებელია, არ დაგამახსოვრდეს მთავარი გმირის თვალები: ხანდახან ყველაზე სასტიკი და ზოგ მომენტებში, რწმენით და სიყვარულით სავსე. საოცარია, რომ ის შეძლებს და სოფლის მაცხოვრებლებს ბევრ რამეზე აუხელს თვალს, დაანახებს გადაჭრის გზებს მათ მორალური დილემაზე და მოახერხებს, დაამდაბლოს ამაყი პოლიტიკოსიც და აჩვენოს, რომ არ იზიარებს მის შეხედულებებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს სოფლის მომხიბვლელი კადრებიც, რომელიც თავისებურ სხივს სძენს ფილმს. ჩვენს თითოეულ მოქმედებას, თან სდევს შედეგი და ეს ყველაზე კარგად ფილმის გმირმა იცის. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, გამოაშკარავდება მისი ტყუილიც, რადგან არასიმართლის თქმას ეს მოჰყვება ხოლმე, დაგეწევა წარსული, რაც უნდა გადამალო და შორს ჩამოიტოვო.

ვერ ვიტყვი, რომ ფილმის დასასრულიც ისეთივე კარგია, როგორც თავად ფილმი: ემოციების განაწილება ბევრად მეტი მოდიოდა დასასრულამდე, თუმცა, უდავოდ შემყავს ფესტივალის საუკეთესო ფილმების სიაში.

1567125783699

იმისდა მიუხედავად, რა ხარისხის და რანგის ფილმები ვნახეთ წელს, მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ ყველამ შევიგრძენით, ხშირად მეორდებოდა თემები ფილმებში და დაგვრჩა საფიქრელად საკითხი: იმიტომ ხდებოდა ეს, რომ საზოგადოების პრობლემების გადმოცემა უნდათ ავტორებს  და იგი საერთოა ქვეყნიდან ქვეყნამდე თუ დაფინანსების მოსაპოვებლად ირჩევენ ხოლმე რეჟისორები კონკრეტულ თემებს?